მთავარ გვერდზე

arrow_right

სიახლეები

arrow_right

საქართველოს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) განვითარების 2025-2028 წლების სტრატეგიისა და 2025 წლის სამოქმედო გეგმის პროექტების საჯარო კონსულტაციების პროცესი დაიწყო

search close_small

27 დეკემბერი 2024

საქართველოს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) განვითარების 2025-2028 წლების სტრატეგიისა და 2025 წლის სამოქმედო გეგმის პროექტების საჯარო კონსულტაციების პროცესი დაიწყო

news_image

 

საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის 16 ნოემბერს მიიღო „ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიღება განპირობებულია ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) შექმნის, ფუნქციონირებისა და განვითარების, სივრცითი მონაცემებისა და მეტამონაცემების, ასევე, მონაცემთა ფორმატის, ციფრული ინფორმაციის შეგროვების, შენახვის, განახლებისა და გაზიარების ეროვნული სტანდარტების ჩამოყალიბების, ქვეყნის ერთიანი გეოინფორმაციული პოლიტიკის სტრატეგიული მიზნების, ამოცანებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის აუცილებლობით.

„ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განისაზღვრა კოორდინატორად და, სხვა ფუნქციებთან ერთად, დაევალა საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად, საკოორდინაციო საბჭოსთვის წარსადგენად ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის 4-წლიანი სტრატეგიისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება.

ამ მიზნით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილებით დამტკიცებული „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის“ შესაბამისად, შეიმუშავა საქართველოს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) განვითარების 2025-2028 წლების სტრატეგიისა და 2025 წლის სამოქმედო გეგმის პროექტები და ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის საკოორდინაციო საბჭოს წარუდგინა.

სტრატეგია ასახავს მომდევნო 4 წლის განმავლობაში შესასრულებელ საქმიანობებს, რომელთა შედეგად საჯარო დაწესებულებები ურთიერთთანამშრომლობით განავითარებენ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურას, რათა ნებისმიერ პირს შეეძლოს სივრცით მონაცემებზე გამარტივებული წვდომა აქტუალური, სტანდარტიზებული მონაცემების, ფუნქციურად თავსებადი ტექნოლოგიების, სერვისების და მონაცემთა მართვის საუკეთესო პრაქტიკის გზით.

პოლიტიკის პროცესის ლეგიტიმაციის, სანდოობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, დაინტერესებული მხარეებისა და ფართო საზოგადოების ჩართულობას არსებითი მნიშვნელობა აქვს. ამდენად, მნიშვნელოვანია სტრატეგიის მიზნებზე, ამოცანებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ფართო საზოგადოების მოსაზრებების შეგროვება.

 

საქართველოს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) განვითარების 2025-2028 წლების სტრატეგიისა და 2025 წლის სამოქმედო გეგმის პროექტების შესახებ კომენტარები, მოსაზრებები და რეკომენდაციები მიიღება შემდეგ ელფოსტაზე: info@napr.gov.ge ან კითხვარის შევსების გზით (კითხვარის ბმული https://forms.gle/NKaYQLfqvZavEwS47).

 

წარმოდგენილი კომენტარების, მოსაზრებებისა და რეკომენდაციების შეგროვების შემდგომი ეტაპია მიღებული მასალის ანალიზი და მომზადდება კონსულტაციების მთელი პროცესის შესახებ ანალიტიკური ანგარიში. შედეგად, განახლებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას.

 

სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტები საჯარო კონსულტაციებისთვის ღია იქნება 2025 წლის 22 იანვრის ჩათვლით.

 

ვრცლად იხილეთ ბმულზე:

https://www.napr.gov.ge/ka/single-page/geoinformational-documentation