შეხვედრა ანკარაში

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) დაგეგმილ სამუშაო შეხვედრაზე მოხსენება წარადგინა

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებზე მონაწილეობა მიიღეს.

პროგრამის მიმდინარეობისას განიხილეს სხვადასხვა ტიპის მიდგომები აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით: უძრავი ქონების სარეგისტრაციო სისტემა, მონაცემთა დამუშავება და მართვა, განაცხადისა და დოკუმენტების დამუშავების სისტემა. ასევე, შეხვედრაზე საუბარი იყო სივრცით მონაცემებზე, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურაზე (NSDI), რუკების მომზადებაზე ფოტოგრამეტრული მეთოდით, 3D კადასტრზე, ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებსა და გეოდეზურ აქტიურ ქსელებზე.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ქართული მხარე ეწვია თურქეთის სატელიტური კომუნიკაციისა და საკაბელო ტელევიზიის მმართველობით სამსახურს (Türksat), სადაც სააგენტოს თანამშრომლები გაეცნენ თურქეთში შექმნილ აპლიკაციებს, რომლებიც უზრუნველყოფს სწრაფ და მარტივ კომუნიკაციას მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის.

სამუშაო შეხვედრებს ესწრებოდნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეები - ვახტანგ ბოხაშვილი და ელისო გელაშვილი, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ასევე, თურქეთის მიწის რეესტრისა და კადასტრის უწყების გენერალური დირექტორის მოადგილე - ადილ ჰაკან აიბერი, TİKA-ს საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი - მუსტაფა ჰაშიმ ფოლათი, მიწის რეესტრისა და კადასტრის ექსპერტები და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები.

შემაჯამებელ შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობისა, დაიგეგმა ერთობლივი პროექტები და ღონისძიებები. ასევე, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.