საინფორმაციო შეხვედრა ტყიბულში

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში იმერეთში საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარემ დავით დევიძემ, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები და მიმდინარე საამზომველო სამუშაოების პროცესი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერთან, მოადგილეებთან და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.

„იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტო წარმატებით აგრძელებს მიწის რეგისტრაციის რეფორმას მთელი ქვეყნის მასშტაბით. დღეის მდგომარეობით, აზომილია 750 000-მდე მიწის ნაკვეთი და აქედან საკუთრების უფლების რეგისტრაცია 600 000-მდე მიწის ნაკვეთზე უკვე რეგისტრირებულია.

დღეს ტყიბულის მუნიციპალიტეტში გაიმართა შეხვედრა საჯარო რეესტრის წარმომადგენლებსა და მერიის წარმომადგენლებს შორის, სადაც განვიხილეთ კონკრეტულად მიმდინარე სამუშაოები, დავგეგმეთ ის ღონისძიებები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ტყიბულში არსებული ყველა მიწის ნაკვეთი აიზომოს და დარეგისტრირდეს. ასევე შეხვედრაზე განვიხილეთ საჯარო რეესტრის შესახებ კანონში გასული წლის დეკემბერში, საქართველოს მთავრობის ინიციატივით შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ახლებურად წესრიგდება შენობა- ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესი, სადაც მუნიციპალიტეტის ჩართულობა იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, დავგეგმეთ ის ელექტრონული სერვისები, რომლის მეშვეობითაც ინფორმაციის გაცვლა მოხდება რეალურ დროში და არ შეფერხდება სარეგისტრაციო პროცესი. “- განაცხადა დავით დევიძემ.

მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.

2022 წლიდან დღემდე აზომილია 776 428 მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 606 045 მიწის ნაკვეთზე.

პროექტით სარგებლობა არის სრულიად უფასო

შეიქმნება ერთიანი ზუსტი კადასტრული და სამართლებრივი სურათი (რუკა). ასევე განვითარდება უძრავი ქონების ბაზარი.

მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024.

კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: slr.napr.gov.ge/schedule